წითელისოფელში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
წითელისოფელში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელისოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, გუმბათი – ჩამოშლილი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა.

სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისგან და მოიხსნა დაზიანებული ნაწილები.

„მოხდა ბზარების ინექტირება. შეივსო აფსიდის დაზიანებული ნაწილები იდენტური მასალით. აღდგა აღმოსავლეთის კამარა, აგურით. მოეწყო ხის კამარები და შეილესა. ამოშენდა გუმბათი აგურით, ნახევრადსფერული კამარა კი, მოეწყო ხით. ნაკლული კარნიზი შეივსო იდენტური აგურით. ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით. მოეწყო იატაკი ახალი აგურით. ჩაისვა ახალი კარ-ფანჯარა. შეილესა ინტერიერი“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფელ წითელისოფელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ოდას“ მიერ, ზურაბ ყიფშიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

დატოვე კომენტარი