სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო. პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“.
ეუთო-ს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო იტალიის სახელმწიფომ, როგორც ეუთო-ს წევრმა ქვეყანამ.
როგორც აღინიშნა, სოფელ ციცაგიაანთკარში ახლა უკვე 144 კომლს სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება, რაც მათი ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პროექტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
„ვმუშაობთ რეგიონულ მთავრობასთან ერთად, რომ შევქმნათ ისეთი რამ, რაც ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს და შეცვლის. ეს ასევე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითი. ეს არის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთი, რომლითაც ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრებმა ადამიანებმა ისარგებლეს. ამ და მსგავსი პროექტებით 3 600-მა ოჯახმა ისარგებლა. ამ მუნიციპალიტეტში ჩვენ ასევე გვქონდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია, გაერთიანებით დავეხმაროთ ამ რეგიონის მოსახლეობას და ზოგადად, მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლიდან „ზრდა“ თანამშრომლობს საქართველოს ექვსი რეგიონის 17 სამიზნე მუნიციპალიტეტთან, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში სათემო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
„ერთობლივი პროექტები, როგორიცაა აღნიშნული წყლის სისტემის პროექტი და სოფელ ქვეშის გარემონტებული საბავშვო ბაღი, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დარჩენას მშობლიურ სოფლებში და მათ ადგილზე საქმიანობას. საქართველოს მასშტაბით, USAID „ზრდამ“ მოამზადა 27 (10 შიდა ქართლში) ინფრასტრუქტურული საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს სხვადასხვა სამიზნე მუნიციპალიტეტებისათვის; აქედან, 15 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 12 პროექტი მიმდინარეა. ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, 1.5 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა საქართველოს მუნიციპალური ბიუჯეტის მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში 3,610 ოჯახს (12,000 ადამიანი) მოუტანა სარგებელი“, – აცხადებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).