მთავარი სერჟანტი ლევან ჯინიყაშვილი - „ჯარის ბანაკის“ პროექტმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მოთხოვნა გაიზარდა და არის ხედვა, რომ მომავალ წელს რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდეს
მთავარი სერჟანტი ლევან ჯინიყაშვილი - „ჯარის ბანაკის“ პროექტმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მოთხოვნა გაიზარდა და არის ხედვა, რომ მომავალ წელს რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდეს

„ჯარის ბანაკის“ პროექტმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მოთხოვნა გაიზარდა და არის ხედვა, რომ მომავალ წელს რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდეს, – ამის შესახებ მთავარმა სერჟანტმა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების კურსის უფროსმა, ლევან ჯინიყაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სოციალური ქსელებიდან და სატელეფონო ზარებიდან ჩანს ეს ყველაფერი, რომ მსურველი ძალიან ბევრია. არის ხედვა, რომ მომავალ წელს, უფრო გაზრდილი რაოდენობით, რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდეს პროექტი. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ჯერჯერობით საუბრის დონეზეა, მაგრამ რასაც ვუყურებთ და პროცესი როგორც მიმდინარეობს, ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს აუცილებლად გაიზრდება“, – განაცხადა ჯინიყაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დაგეგმილი კონტინგენტის გაზრდა სამომავლოდ, რადგან პირველ ეტაპზე ცნობილია, რომ პროგრამაში, რომელიც 18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე დაიხურება, 800-მდე ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, ლევან ჯინიყაშვილმა განაცხადა, რომ კონტინგენტის ზრდა იგეგმება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მოწყობილი და ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოა შექმნილი.

„ამაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყება, როგორიც არის ლოგისტიკის სარდლობა და ასევე, განათლების სარდლობის მიერ იქნა შემუშავებული აღნიშნული პროგრამა; ფსიქოლოგებთან გავლილი იქნა პროგრამის თავისებურებები და მთლიანად თავდაცვის სამინისტრო, თავისი ყველა უწყებით ჩართულია, რომ პროცესი მაქსიმალურად კარგად წარიმართოს“, – განაცხადა ჯინიყაშვილმა.

ლევან ჯინიყაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჯარის ბანაკის“ პროგრამაში მომზადებისა და საგანმანათლებლო პროცესი ორმხრივია და მასში მოსწავლეების იდეების გათვალისწინება ხდება.

„მოსწავლეებთან მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. არსებობს ე.წ კითხვარები, მოსწავლეებს აქვთ ინიციატივები და მათ აზრს აუცილებლად ვითვალისწინებთ, იმიტომ, რომ ეს არის მათთვის შექმნილი პროექტი და ვფიქრობ, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მომავალი თაობის აზრია გასათვალისწინებელი“, – განაცხადა ლევან ჯინიყაშვილმა.