სოფელ ბერთაში მდებარე სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერთაში მდებარე 1852 წელს აშენებულ სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა შვერილი აბსიდით, დგას ძველი ეკლესიის ადგილზე.
ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებითა და ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნიდანაც და გარედანაც არქიტრავულია. გრძივ კედლებზე სამ-სამი, დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში კი თითო თაღოვანი ფართო სარკმელია. აბსიდა მრგვალი ნახევარწრიული შვერილია. ეკლესია დასრულებულია სამხრეთის მხრიდან დაკბილული (ძველი ნაეკლესიარის უნდა იყოს), ხოლო დანარჩენი მხრიდან მარტივი თაროსებრი ლავგარდნით. გადახურულია ლორფინით. დასავლეთ კიდეში ფანჩატურისებრი, ოთხ სვეტზე გახსნილი სამრეკლო აქვს დადგმული.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც, პასტოფორიუმებთან ერთად დარბაზისგან გამოყოფილია ხის მაღალი მოხატული კანკელით. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია დარბაზისგან. დარბაზი დანაწევრებულია ორი წყვილი მრგვალი სვეტითა და მათზე გადასული თაღებით. თითოეული ნავი დასრულებულია კამარით, რომელიც შეკიდულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი ბეტონის დეკორატიული ფილებითაა მოგებული. კამარის ნაწილი მოხატულია.
ტაძრის მორთულობას შეადგენს: დასავლეთის კედელზე კარის რელიეფური მოჩარჩოება, ამავე კედელზე კარის ზემოთ, სამრეკლომდე ამავალი ლილვების წყვილი და სამხრეთ ფასადზე დაკბილული კარნიზი.
ტაძარს გარს უვლის ქვის დაბალი ყორე გალავანი.
ტაძარი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთსა და ჯავახეთში ბერძნენი ხელოსნების მიერ აგებული ტაძრების იდენტურია. მეორდება როგორც კონსტრუქციული გადაწყვეტა, ისე გაფორმება, განსხვავება აქ მხოლოდ ფრესკებია.