სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონას გარდაცვალებას ოჯახის წევრები გრიპს უკავშირებენ
სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბავშვის დეიდა ირინა შიუკაშვილი გრიპის გართულებას ასახელებს. ირინა შიუკაშვილი ყვება, რომ გოგონა ინფექციური დაავადებით (წითელა) და პნევმონიით ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბავშვი საავადმყოფოდან 30 დეკემბერს გაწერეს. გარდაცვლილი ბავშვის დეიდა ყვება, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ბავშვი გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაშიც“ მიიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის დედა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ვირუსის გართულებული ფორმით მკურნალობას გადიოდა. ის სტაციონარიდან დღეს, შვილის გარდაცვალების შემდეგ გაწერეს.
„დეკემბრის შუა რიცხვებში ბავშვი დედასთან ერთად თბილისის კლინიკაში იწვა. ფილტვების მწვავე უკმარისობა ჰქონდა, ბავშვმა წითელა გადაიტანა. აქაც, „იავნანაში“ გვყავდა, გადასხმა გაუკეთეს და გამოუშვეს, არ დააწვინეს, არ ვიცი, რატომ. ხუთი დღე ბავშვს გართულება არ ჰქონია. გუშინ ბავშვმა ჭამა, კარგ ხასიათზე იყო. დილით ბავშვი გარდაცვლილი დამხვდა. ბავშვს გადატანილი ჰქონდა ფილტვების ანთება, სუნთქვა უჭირდა, ალბათ ვირუსი იყო“, – აცხადებს ირინა შიუკაშვილი.
სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.