სოფელ აჭში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ აჭში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული დარბაზული ეკლესიის რესტავრაციის პროექტი, რომელიც სააგენტოს არქიტექტორების მიერაა მომზადებული, რიყის ქვით ნაგები სავალალო მდგომარეობაში მყოფი სუბსტრუქციიის კედლების გამაგრებას მოიცავს.

ფიზიკური სამუშაოების I-ლი ეტაპი, რომელიც ასევე სააგენტოს არქეოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება, ითვალისწინებს სუბსტრუქციის ბაქანის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გასუფთავებას ბუჩქებისა და ხე-მცენარეებისაგან, ტაძრის ტერასის ჩრდილოეთი ნაწილის გასუფთავებას ნაყარი მიწისა და კედლის ნაშალისაგან და ამორტიზებული დასავლეთი კედლის დაშლას.

სარეაბილიტაციო პროცესის მსვლელობისას სუბსტრუქციის ბაქანის საძირკვლისთვის მოეწყობა ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადების მონოლითური კედლები, რომელიც რიყის ქვით შეიმოსება. ახლიდან გადაეწყობა ტაძრის სუბსტრუქციის სხვა ამორტიზებული უბნებიც. ტაძრის ეზოში მდებარე კიბის საფეხურებზე დახერხილი კირქვები დაიგება. კირქვითვე მოეწყობა კიბიდან ტაძრამდე მისასვლელი ბილიკიც. კიბესა და აღდგენილი სუბსტრუქციის ტერასაზე კი ლითონის მოაჯირები დამონტაჟდება. სამშენებლო-საწარმოო სამუშაოების მსვლელობისას ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, პროექტი დაკორექტირდება.

აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების პროცესს, რომელსაც კომპანია “ტაოტბელი” ახორციელებს, დღეს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო..

სოფელ აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. დარბაზულ ეკლესიას აქვს ასომთავრული წარწერა. შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.