სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავათი შეუნარჩუნდებათ.
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ და ინიციატივა სხდომის შემდეგ ამოქმედდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მინდა, მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა, ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, ყველა ოჯახზე, რომელთა ქულების რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება“ – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღესვე განიხილება ინიციატივა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ფინანსური დახმარება ხუთჯერ, 10-დან 50 ლარამდე იზრდება.