სოციალური აგენტები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
სოციალური აგენტები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

სოციალური აგენტები ანაზღაურების 100%-ით გაზრდასა და ტრანსპორტის ხარჯების უზრუნველყოფას ითხოვენ. 400-მდე სოციალური აგენტი უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულია და ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს.

ცნობისთვის, 16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 60%-მდე გაიზრდება. სოციალური აგენტებისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და როგორც აცხადებენ, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.