ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური აგენტების მიმართ გვაქვს გარკვეული ხედვები, რომლებიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური აგენტების მიმართ გვაქვს გარკვეული ხედვები, რომლებიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს

სოციალური აგენტების მიმართ გვაქვს გარკვეული ხედვები, რომლებიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე დაიდება ექვსთვიანი ხელშეკრულებები, ასევე გაიზრდება სამუშაო ანაზღაურების ის კომპონენტი, რომელიც ეხება ტრანსპორტირების ანაზღაურებას. ტიკარაძის თქმით, განიხილავენ დანარჩენ დეტალებსაც.

„სამინისტროს წარმომადგენლებს ჰქონდათ არაერთი შეხვედრა სოციალურ აგენტებთან. მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენი მოტივაცია შეხვედრამდეც, რა თქმა უნდა, იყო ამ ადამიანების შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესება, თუმცა არსებობს გარკვეული პირობები და ჩასატარებელი ღონისძიებები, რომელიც საჭიროებს გარკვეულ როლს.

უმოკლეს ვადაში მათთვის მოხდება ექვსთვიანი ხელშეკრულებების დადება პირველი ეტაპისთვის, ასევე სამუშაო ანაზღაურების იმ კომპონენტის გაზრდა, რომელიც ეხება ტრანსპორტირების ანაზღაურებას და დანარჩენ დეტალებსაც ჩვენ განვიხილავთ. როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა საჭიროებს გადახედვას და ცვლილებებს, ასევე, რა თქმა ინდა, სოციალური აგენტების მიმართაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვები, რომლებიც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობასაც“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადები გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს.

სოციალური აგენტები ფიქსირებული ხელფასის დანიშვნას, საწვავის თანხის გაწერასა და უვადო ხელშეკრულებებს ითხოვდნენ.