სოციალურად დაუცველ ოჯახს წევრის გარდაცვალებისას, ხელახალი შეფასების პროცესში, დახმარება აღარ შეუწყდება
სოციალურად დაუცველ ოჯახს, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ხელახალი გადაფასების პერიოდში, სოციალური დახმარება აღარ შეუწყდება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარებების მეთოდოლოგიაში ცვლილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. არსებული პრაქტიკის თანახმად, ოჯახის წევრების დემოგრაფიული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობა თავიდან ფასდება. გადაფასების პერიოდში კი, სოციალური დახმარება წყდება. გადაფასების პერიოდი, ხშირად სამ თვემდე გრძელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახს იგივე ქულა მიენიჭება, შეწყვეტილი დახმარება გრძელდება და წინა თვეები კომპენსირდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით მტკივნეული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაშია. თუმცა აღნიშნული პრაქტიკა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით იცვლება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დიდი უკმაყოფილება იყო ამ მხრივ, რადგანაც ოჯახს წევრის გარდაცვალებით ისედაც დიდი ტრაგედია აქვს და ანალიზმაც აჩვენა, რომ დახმარების შეწყვეტის შემდეგ 50 პროცენტის შემთხვევაში, ისევ ინიშნება სოციალური დახმარება, მთავრობა ცვლილებას დათანხმდა.
ცვლილების თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღარ შეწყდება სოციალური დახმარება. მოხდება გადაფასება და თუ აღმოჩნდა, რომ ქულა გაიზარდა, დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, სხვა შემთხვევაში, წყვეტა არ იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამდა და ეს პრობლემა მოგვარდა.