სოციალურ საცხოვრისში ნგრევის მიზეზებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის
სოციალურ საცხოვრისში მომხდარი ნგრევის გამო შესაძლოა, მშენებელი კომპანიის ან რომელიმე მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შესახებ 1-ელ არხს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა.
“სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს”,-აცხადებს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია. მისივე თქმით
უკვე შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობის ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. არ არის გამორიცხული, მერიის რომელიმე მაღალჩინოსნის, ან მშენებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს .
შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისის ერთ-ერთ ბინაში გუშინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრისი გასულ წლს აშენდა და მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.