სანდრო ონოფრიშვილი-ძაბვის ვარდნა ჩვენს ტრასფორმატორში მოხდა, „ენერგო პროს"-ს პასუხისმგებლობა არ იკვეთება
სანდრო ონოფრიშვილი-ძაბვის ვარდნა ჩვენს ტრასფორმატორში მოხდა, „ენერგო პროს"-ს პასუხისმგებლობა არ იკვეთება

“ენერგო პროს” ქსელში ძაბვის ვარდნას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვენი ქსელი, ძაბვის ვარდნა ჩვენს ტრანსფორმატორში მოხდა. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიაში თანამშრომლების გადამზადება სისტემატურად მიმდინარეობდა.

„30-მდე თანამშრომელმა თავად „დოპელმაიერის ” სათავო ოფისში გაიარა მომზადება. წელიწადში რამდენჯერმე ავსტრიელი და ფრანგი ტრენერები ჩამოდიან, რომლებიც თანამშრომლებს შესაბამის ტრენინგებს უტარებენ”,–განაცხადა ონოფრიშვილმა და აღნიშნა, რომ მის მოადგილეს, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსს და ერთ ოპერატორს უფლებამოსილება  საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერდათ.

„ მათ აქვთ ის მორალური პასუხისმგებლობა, რაც ყველა ჩვენთაგანს გააჩნია, უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება დაწერილია, ეს მათი ინიციატივაა და არა კომპანიის. მომხდარს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების მომზადებას და ტრენინგს, გეტყვით, რომ დაახლოებით 30-მდე ადამიანი შემოდგომაზე  “დოპელმაიერის” სათავო ოფისში იმყოფებოდა, სადაც გაიარეს ტრენინგი. ასევე, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვყავდა ჩამოყვანილი ტრენერები, ფრანგი და ავსტრიელი ექსპერტები”,-განაცხადა ონოფრიშვილმა.

მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ  მომხდარში „ენერგო პროს” პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

“ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი და იქ იყო ძაბვის ვარდნა. ამიტომ ენერგო პროს პასუხისმგებლობა ჩემის აზრით, არ იკვეთება”–განაცხადა ონოფრიშვილმა.