„სოციალ-დემოკრატები“ - მთავრობის ქმედებები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს საზოგადოებრივი პრობლემები და განავითაროს ეკონომიკა
„სოციალ-დემოკრატები“ - მთავრობის ქმედებები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს საზოგადოებრივი პრობლემები და განავითაროს ეკონომიკა

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობამ ნებით თუ უნებლიეთ გადადგა ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში უკვე წლების მანძილზე დამკვიდრებული პოლიტიკის გადახედვისკენ, რაც გულისხმობს ე.წ. „მცირე მთავრობის“ იდეისა და პრაქტიკის უარყოფას, – ამის შესახებ ნათქვამია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ არ იქნა გაზიარებული გადასახადების გაუქმების, სახელმწიფო დანახარჯების შემცირების და მომჭირნეობის პოლიტიკა, რომელსაც მემარჯვენე ოპოზიცია სთავაზობს მთავრობას და რეალურად დამანგრეველია, როგორც კრიზისში, ისე კრიზისის შემდგომ.

„დღეს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები რჩება, რამდენად ეფექტურად შეასრულებს ის ამ პასუხისმგებლობას. თუმცა მთავარია ის, რომ მან აღიარა სახელმწიფოს როლის მნიშვნელობა და ეს არის პრინციპული სხვაობა იმასთან შედარებით, რაც იყო საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობს, რომ კრიზისის პერიოდში არსებობს შემდეგი პრიორიტებები: ჯანდაცვა და სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებებით უზრუნველყოფა (სურსათი, ენერგიტიკა). ამავე დროს, იმ ეკონომიკური მიმართულებების და დარგების გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფენ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის წარმოებას. ეს არის ღონისძიებები, რომლის მიზანია სურსათით უზრუნველყოფის მხარდაჭერა.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, კონკრეტულად და დეტალურად იყოს წარმოდგენილი ის გეგმა და ამ გეგმის რეალიზაციის მექანიზმები, რაც მთავრობამ უახლოეს დღეებში უნდა განახორციელოს. აუცილებელია, შემუშავდეს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალ დონეს, საზოგადოების ფართო მონაწილეობის და ყველა პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული მოსაზრების გათვალისწინებას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მოხდეს საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება, არსებული ვითარების სიღრმისეულად გაცნობიერება, რათა  ამ ახალმა წესებმა ეფექტურად იმუშაოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა და ამ ადამიანების იდენტიფიცირების წესი, რასაკვირველია, დეტალიზებას საჭიროებს.

„აუცილებელია გამოყოფილი თანხის ოპტიმალურად დახარჯვა, რათა პირველ რიგში მოხდეს მათი უზრუნველყოფა, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. თუკი არსებობს შესაძლებლობა, უნდა მოხდეს საკომპენსაციო თანხებისა და სოციალური დახმარების გაზრდაც.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ დამსაქმებელთათვის მათ მიერ დასაქმებული ადამიანების (რომელთა ხელფასი 750 ლარი ან უფრო ნაკლებია) საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას, რაც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას და, ამავე დროს,დაბალშემოსავლიანი ადამიანების უპირატეს მხარდაჭერას. თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო სამართლიანი და ეფექტური იქნება, თუ სრულად იქნება გაზიარებული პროგრესულად მზარდი დაბეგვრის პრინციპი- დაბალი შემოსავლების მქონეთათვის გადასახადი უნდა შემცირდეს, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონეთათვის საგადასახადო განაკვეთი უნდა გაიზარდოს. ამით დაკომპენსირდება  ის გაზრდილი მოგებები და შემოსავლები, რომლებსაც გარკვეული დარგები და ადამიანები მიიღებენ კრიზისის პერიოდში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ღონისძიება, რომლის განხორცილებასაც მთავრობა გეგმავს, ფინანსურად უზრუნველყოფილია სესხებით. ცხადია, რომ ეს სესხები გადასახდელია. ამ სესხების დასაფარად მომავალში ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვიწევს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ პროგრესული დაბეგვრის პრინციპი შეიძლება გახდეს. ეს რეალობა აუცილებლად დადგება პოსტ-კრიზისულ პერიოდში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სოციალ-დემოკრატების“ განცხადებითვე, ის მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებს მთავრობა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს, როგორც უპირველეს პასუხისმგებელ მხარეს, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტა და ეკონომიკის განვითარება.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ამას ჰქონდეს გრძელვადიანი ეფექტი, სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ეკონომიკის მაკოორდინირებელი ძალა და მსგავსი მიმართულებით განვითარება უნდა გააგრძელოს კრიზისის შემდგომ პერიოდშიც. კარგად უნდა გავაცნობიეროთ ამ ცვლილებების მნიშვნელობა. ეს უნდა იყოს ფუნდამენტური გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში. ის მოქმედებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს ადასტურებს იმას, რომ მთავრობას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას საზოგადოებრივი პრობლემები და განავითაროს ეკონომიკა, რაც აქამდე ითვლებოდა არა მთავრობის, არამედ ბაზრის მოვალეობად. ამაში აქამდე მთავრობა არ ერეოდა. არადა უმუშევრობა და მისგან გამოწვეული სოციალური ზარალი, ქვეყნის ინდუსტრიული ჩამორჩენა და სხვა საკითხები არ არის მხოლოდ კრიზისული მდგომარეობის შედეგი. ეს დაავადება ჩვენს ქვეყანას „ნორმალურ“ პერიოდშიც აქვს და გაგრძელდება ეპიდემიის შემდეგაც. უმუშევრობის დახმარებას, დასაქმების აქტიურ პოლიტიკას და სწრაფ ინდუსტრიულ განვითარებას კი ესაჭიროება არა მცირე, არამედ დიდი და ძლიერი სახელმწიფო მზარდი ბიუჯეტით და ხარჯვით.ამიტომ სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობები, რასაც კრიზისის პერიოდში იღებს, უნდა დაიტოვოს მის შემდგომაც, რასაც ვერ გააკეთებს მომჭირნეობის პოლიტიკით.

რა თქმა უნდა, ასეთ რეალობას უპირისპირდებიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საკუთარი იდეოლოგიისა და ინტერესების გათვალისწინებით იყვნენ ე.წ. „მცირე სახელმწიფოს“ იდეის დამცველები.

„ქართული ოცნებაც” მისდევდა საქართველოში წლების მანძილზე დამკვიდრებულ რადიკალურ ნეოლიბერალურ წესრიგს. დღეს კი, მთავრობა იძულებულია გადადგას ნაბიჯები პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მიმართულებით და აკეთებს კიდეც ამას. წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმაც ამის გამოხატულებად მიგვაჩნია. ჩვენ ამას მივესალმებით და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, არ დაუბრუნდეს მანამდე არსებულ მანკიერ პრაქტიკას და არ შეუშინდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების პოპულისტურ მოწოდობებს და სტერეოტიპულ არგუმენტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.