კარლ ერიავეცი - საქართველო ყველაზე უკეთ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის
აბრეშუმის გზა ჩინეთსა და ევროპას უკეთ დააკავშირებს და ამ ინიციატივას ბევრი ახალი შესაძლებლობის მოტანა შეუძლია,- ეს განცხადება სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერიავეცმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე ვისაუბრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და სლოვენია დაინტერესებულია 16 +1 ფორმატის ინიციატივაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შედეგად, ევროპა და ჩინეთი უკეთ დაკავშირდებიან, რადგან ამ პროექტს ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მიმართულებით ბევრი ახალი შესაძლებლობის მოტანა შეუძლია”, -აღნიშნა ერიავეცმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სლოვენიის პირველმა დიპლომატმა ხაზი საქართველოში გატარებულ რეფორმებს გაუსვა. კარლ ერიავეცი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.
“მინდა საქართველო თავისი მიღწევების გამო შევაქო. ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოს მომავალ განვითარებაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა ექნება. ასევ,ე ჩემი კომპლიმენტები ასოცირებული ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულების გამო მიიღეთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ბევრ სარგებელს მოუტანს. ევროკავშირის მხრიდან საქართველო დანახულია, როგორც ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”, -აღნიშნა მინისტრმა.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სლოვენია ევროკავშირისა და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერს და სურს საქართველო ამ ორგანიზაციების წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს.