სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
დეკლარაციის მიხედვით, სლოვენიის პარლამენტში გმობენ გენოციდის აქტებს, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელი საზოგადოების საფუძვლებს. დეკლარაცია ასევე გმობს ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობას, რომელიც დაკავშირებულია ჰოლოდომორთან.
დეკლარაცია 67 ხმით, ანუ ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მას მხარი მხოლოდ მემარცხენე პარტიამ არ დაუჭირა, რომლის სპიკერის განმარტებით, დოკუმენტი პოლიტიკურ აქტს წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მათ აღნიშნეს, რომ დეკლარაცია გულისხმობს უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვას და ხელს უწყობს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
სლოვენიის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა დეკლარაციის მიღებისთვის. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მომხრე სახელმწიფოთა საერთაშორისო კოალიცია აგრძელებს გაძლიერებას. ერთად სიმართლისაკენ, შესაბამისად, პასუხისმგებლობისკენ“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე.