სლოვენიის ხელისუფლებამ გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში რვა თვის წინ გამოცხადდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, უქმდება შეზღუდვების უმეტესობა.
განახლდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 75-პროცენტიანი დასწრებით, კორონავირუსზე აცრილი, გამოჯანმრთელებული და ნეგატიური ტესტის მქონე პირებისთვის.
ამასთან, შენარჩუნდება ზოგიერთი რეგულაცია. კერძოდ, ძალაში იქნება დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ვალდებულება.
ბოლო დღე-ღამეში სლოვენიაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. სლოვენიის ზრდასრული მოსახლეობის 45 პროცენტს გაკეთებული აქვს კორონავირუსის აცრის პირველი დოზა, 32 პროცენტი კი ორივე დოზით არის აცრილი.