სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე განათებული იქნება კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.
საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც დუბლინის ცენტრში, კანადაში ოტავას მერიის შენობაზე და სხვა ცენტრალურ შენობებზე.
საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეუერთდება ლიეტუვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგ მონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.