სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას ბოიკოტს არ გამოუცხადებს
სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას ბოიკოტს არ გამოუცხადებს

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას ბოიკოტს არ გამოუცხადებს.

ამის შესახებ მან უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

უნგრეთის პრეზიდენტთან, ტომას შუიოკასთან შეხვედრაზე პელეგრინიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრული მხარის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში ორგანიზებულ ღონისძიებებში.

„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას და არ შეუერთდება უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთის ბოიკოტირებას“, – განაცხადა პელეგრინიმ და აღნიშნა, რომ „ბოიკოტის მიზეზს ვერ ხედავს“.

„ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ვიმოქმედოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობისა და მისი პრეზიდენტის სუვერენული პოზიციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს მისი ქმედებები“, – განმარტა პეტერ პელეგრინიმ.

სლოვაკეთის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ვინმე მხოლოდ დიალოგის მცდელობისთვის უნდა დაისაჯოს.