სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომისთვის მზად არის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომისთვის მზად არის

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, გადადგეს. ამის მიზეზი სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის გარშემო აგორებული სკანდალია.

როგორც რობერტ ფიცომ განაცხადა, ის პრეზიდენტ ანდრეი კისკას გადადგომის მოთხოვნით ხვალ, 15 მარტს მიმართავს. თუმცა ფიცო ასახელებს წინაპირობებსაც. კერძოდ, ის პრეზიდენტს მოუწოდებს, ახალი მთავრობის ფორმირებისას წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაითვალისწინოს. მისივე თქმით, არსებული სამთავრობო კოალიციის შენარჩუნება აუცილებელია.

სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისი ჟურნალისტ იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობას მოჰყვა.

როგორც ცნობილია, რეპორტიორი მთავრობის კორუფციულ გარიგებებს იძიებდა და ხელისუფლების ზოგიერთ წევრს იტალიურ მაფიასთან კავშირში სდებდა ბრალს.

სკანდალს საპროტესტო აქციები და სამი მინისტრის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, გადადგომა მოჰყვა.