მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება სურდა, რათა დღეს არსებული პოლიტიკის გატარება ვერ გაეგრძელებინა
მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება სურდა, რათა დღეს არსებული პოლიტიკის გატარება ვერ გაეგრძელებინა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელის, იურაი ცინტულას განცხადებით, მას სურდა არა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკვლა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება, რათა სამომავლოდ არსებული პოლიტიკის გატარება ვერ გაეგრძელებინა.

როგორც იურაი ცინტულამ დაკითხვაზე განაცხადა, „ფიცოს მთავრობის გადაწყვეტილებების შემდეგ თავს გრძნობდა უძლურად, იმედგაცრუებულად და არ ეთანხმებოდა ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას – კერძოდ, სპეციალური პროკურატურის გაუქმებას და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას“. მისივე თქმით, ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის დახმარების შეჩერებას.

ამასთან, იურაი ცინტულამ დაკითხვაზე განაცხადა, რომ სლოვაკეთის ამჟამინდელ მთავრობას ევროკავშირთან ურთიერთობაში „იუდად“ მიიჩნევს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოქმედების დრო იყო.

სასამართლოს დოკუმენტში ასევე მოყვანილია ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ მოისმინა, როგორ ლანძღავდა იურაი ცინტულა რობერტ ფიცოს და შეწუხებული იყო ფიცოს რუსეთსა და უნგრეთთან კარგი ურთიერთობით.

ცნობისთვის, 71 წლის იურაი ცინტულა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს დაესხა თავს და დაჭრა. სლოვაკეთის პრემიერი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიების მიხედვით, რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა. რობერტ ფიცოზე თავდასხმის დაგეგმვა მან 13 მაისს დაიწყო.