სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება.
მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს იმსჯელებენ.
ცვლილების თანახმად, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი 21 წლამდე აიწევს.
„მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;
თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი“,- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.
ამასთან, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.
გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.
კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.