სივრცით დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
სივრცით დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

დედაქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში სივრცითს დაგეგმარებასთან, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 4 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ინიციატორები ვარაუდობენ, რომ ახალი ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდება, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი სისტემის რეგულირებების სრულყოფა და კონკრეტული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორება. ამასთან, მათი განმარტებით, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირისთვის გაცილებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.

„კერძოდ, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში დამატებით წარმოშობილ ფართებზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება. ასევე, მრავალბინიანი სახლის განვითარების ან რეაბილიტაციის შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არსებითად გაუმჯობესდება. აგრეთვე, შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი იმის, რომ უკლებლივ ყველა მესაკუთრემ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად გაზრდილი ღირებულების, კეთილმოწყობილი და მეტი ეკონომიკური პერსპექტივის საკუთრება მიიღოს. მერია უფრო ეფექტურად განახორციელებს თბილისის ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში არსებული ავარიული საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაციას. ცვლილებებით, უფრო ეფექტური გახდება, მესაკუთრეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. უპირატესობა მიენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს – მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში. სამშენებლო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს მიეცემათ გონივრული ვადა საქმის განხილვებისათვის.

დედაქალაქისთვის და ასევე იმ ტერიტორიებისთვის, სადაც კოდექსის ამოქმედებამდე დამტკიცებული იყო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები, რათა ის არსებული რეგულაციები შენარჩუნებული იყოს გონივრული ვადით, რათა ხელი არ შეეშალოს სფეროს განვითარებასა და გაუმჯობესებას“, – აღნიშნავენ ინიციატორები.