საქსტატი – 2025 წელს საქართველოში როგორც მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ისე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა

14:54, 30.01.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წელს გაცემულია 11 578 ნებართვა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით ნაკლებია.

საუბარია 11 397.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქსტატის ცნობით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.9 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

უწყების ანგარიშით, 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 509.1 ათასი კვ.მ ფართობის 3 393 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლებია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 34.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.0 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.8 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

მსგავსი