„სითი პარკი“ - შეთანხმების შედეგად, მხარეებმა თავიდან აიცილეს მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლის გაწევაც მოუხდებოდათ საარბიტრაჟო დავის წარმართვის პროცესში
„სითი პარკი“ - შეთანხმების შედეგად, მხარეებმა თავიდან აიცილეს მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლის გაწევაც მოუხდებოდათ საარბიტრაჟო დავის წარმართვის პროცესში

შპს „სითი პარკი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეთანხმების შედეგად, მხარეებმა თავიდან აიცილეს მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლის გაწევაც მოუხდებოდათ საარბიტრაჟო დავის წარმართვის პროცესში.

„2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის მთავრობამ შეწყვიტა კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება და ამ პერიოდიდან „სითი პარკი“ აღარ ახორციელებს თბილისში პარკირების სისტემის მართვას.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, კომპანიასა და თბილისის მთავრობას შორის წარმოებული მოლაპარაკებები დასრულდა მიმდინარე წლის იანვრის თვეში და მხარეებმა მიაღწიეს ერთობლივ (ურთიერთსასარგებლო) შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ კომპანიამ უარი განაცხადა წამოწყებულ დავაზე სასამართლოში. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, კომპანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მიიღო კომპენსაციის სახით 4 300 000 დოლარი და კომპანიამ გადასცა სატრანსპორტო კომპანიას მის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივები, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ესაჭიროება პარკირების სისტემის შემდგომში სამართავად.

აღნიშნული შეთანხმების შედეგად, მხარეების მიერ მნიშვნელოვანი დანახარჯები იქნა თავიდან აცილებული, რომლის გაწევაც მხარეებს მოუწევდათ საარბიტრაჟო  დავის წარმართვის პროცესში. შესაბამისად შეთანხმების საფუძველზე კომპანია „სითი პარკმა“ გამოიხმო სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე (სარჩელი) საჩივარი“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა.