„სითი პარკი“ აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების მიმართ აგრესია გაიზარდა
კომპანია „სითი პარკი“ აცხადებს, რომ თბილისის მერის მიერ „სითი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა.
კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სითი პარკის“ ინსპექტორები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე, ინსპექტირებისას სისტემატურად გრძნობენ ზეწოლას.
„სითი პარკი“ მოუწოდებს თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც კომპანიის განცხადებით, შესაძლებლობას მისცემს „სითი პარკის“ ინსპექტორებს განაგრძონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი.
„აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მივიღებთ შესაბამის მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია არ დაუშვებს შპს „სითი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერიისგან გატარებულ იქნება ყველა ზომა მოქალაქეთა, მათ შორის შპს „სითი პარკის“ ინსპექტორების უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს.