1770 წლის 10 სექტემბერს, ჩინეთის, კორეისა და იაპონიის თავზე ცა საზარლად წითლად შეიღება. წითელი ნათება ცაზე მომდევნო 8 ღამის განმავლობაში კიაფობდა.
თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, ეს იდუმალებით მოცული მოვლენა ისტორიამ შთანთქა.
თუმცა ამჯერად, სამეფო კარის ჩანაწერებისა და აღმოსავლეთაზიური სხვა დოკუმენტების შესწავლისას, მკვლევრებმა ეს ფენომენი ხელახლა აღმოაჩინეს და შესაძლო გამომწვევ მიზეზსაც გვთავაზობენ: გიგანტური მაგნიტური შტორმი, რომელიც თამამად უწევს კონკურენციას ჩვენთვის ცნობილ ყველაზე სასტიკ ასეთ მოვლენას — 1859 წელს მომხდარ ე. წ. კარინგტონის მოვლენას. გეომაგნიტური შტორმი წარმოიქმნება მაშინ, როცა მზის ამოფრქვევა დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს.
თუკი ასეთი მაგნიტური შტორმი დედამიწას ახლაც დაარტყამს, მკვლევართა თქმით, პლანეტაზე სრულიად აოხრდება ელექტროსისტემა.
იდუმალი მოვლენის ხელახლა აღმოჩენა
ამ ფარული მოვლენის ხელახლა აღმოსაჩენად, ოსაკის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა და ასტრონომმა, ჰისაში ჰაიაკავამ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მე-18 საუკუნის ჩინური, კორეული და იაპონური ჩანაწერები — ეძებდნენ ციალის მოხსენიებას.
როგორც წესი, ჩრდილოეთის ან სამხრეთის ციალი ცაზე მრავალფერად კაშკაშებს. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მზისგან წამოსული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს.
როგორც წესი, ისინი პლანეტის პოლუსებთან ჩნდება, მაგრამ როდესაც ის დედამიწის პოლუსებიდან შორის, დაბალ განედებზეც ხდება, მიუთითებს გეომაგნიტურ შტორმზე.
„ამ ტიპის ისტორიულ დოკუმენტებს შეუძლია თითქმის ათასი წლით უკან დაგვაბრუნოს და მოგვცეს ცნობები მზის აქტივობის შესახებ. მაგალითად, ციალის შესახებ ჩანაწერების პოვნა შესაძლებელია ძვ. წ. 567 წლის ბაბილონურ ასტრონომიულ დღიურებშიც“, — უთხრა ჰაიაკავამ Live Science-ს.
ჯგუფმა ასევე შეისწავლა მზის ლაქის იგივე პერიოდის ნახატები, რომლებიც მოყვარულ გერმანელ ასტრონომს, იოჰან კასპარ შტაუდახერს ეკუთვნის. გარდა ამისა, შეისწავლეს კაპიტან ჯეიმს კუკის მისია ენდევორის ჩანაწერებიც.
111 ისტორიული დოკუმენტის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ 1770 წლის 10-დან 19 სექტემბრამდე, აღმოსავლეთ აზიაში ცაზე წითელი ციალი კაშკაშებდა. ხანგრძლივი ციალი შეინიშნებოდა დაბალ განედებზეც, რაც მიუთითებს, რომ მათი გამომწვევი მიზეზი მძლავრი გეომაგნიტური შტრომი იყო.
როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ნათება ფიქსირდებოდა გაცილებით სამხრეთითაც, კუნძულ ტიმორის სიახლოვეს, როგორც ამას ენდევორის ეკიპაჟის წევრები წერდნენ. ეს აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჩანაწერია ორივე ნახევარსფეროში ციალზე დაკვირვების შესახებ.
„ეს მოვლენა იმდენად მასშტაბური იყო, რომ უნდა გამოჩენილიყო არა მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, არამედ დაბალი განედის სხვა ზონებიდანაც“, — ამბობს ჰაიაკავა.
სწორედ ამიტომ, ჯგუფი საარქივი ჩანაწერების კვლევას ახლო აღმოსავლეთშიც აპირებს.
გარდა ამისა, მკვლევრებმა შეისწავლეს მზის ლაქების ისტორიული ნახატებიც; ლაქები ხშირად ჩნდება გეომაგნიტური შტორმების დროს. როგორც ეს ნახატები მიუთითებს, 1770 წლის მოვლენის დროს, ლაქა ორჯერ დიდი ყოფილა, ვიდრე კარინგტონის მოვლენისას შემჩნეული, რაც გვაფიქრებინებს, რომ როგორც მინიმუმ, მათი სიძლიერე თანაბარი უნდა ყოფილიყო.
კარინგტონის ცნობილი მოვლენის დროს, ატმოსფეროში გაჩენილმა ელექტროდენმა დააზიანა ტელეგრაფის კაბელები და სერვისი მწყობრიდან გამოიყვანა.
მკვლევართა ვარაუდით, 1770 წლის მოვლენას პლანეტა სულ მცირე კარინგტონის მოვლენის მსგავსად უნდა დაეზიანებინა. გარდა ამისა, 1770 წლის მოვლენის დროს, ციალი ცხრა ღამის განმავლობაში ჩანდა, კარინგტონის მოვლენისას კი მხოლოდ ოთხი ღამის.
შედეგად, მეცნიერებს შეიძლება აზრის შეცვლა მოუწიოთ ასეთი მოვლენების სიხშირესთან დაკავშირებით, ასკვნიან მკვლევრები.
„ახლა უკვე ვიცით, რომ კარინგტონის მოვლენა სულაც არ ყოფილა ერთადერთი და განსაკუთრებული. მსგავსი მოვლენები დროდადრო ხდება, დაახლოებით ყოველ 100 წელიწადში ერთხელ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კიოტოს უნივერსიტეტის მზის ფიზიკოსი ჰიროაკ ისობე.
პოტენციურად კატასტროფული მოვლენა
იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად გახდა მსოფლიო დამოკიდებული ელექტროენერგიაზე კარინგტონის მოვლენის შემდეგ, თუკი მსგავსი სიმძლავრის ელექტრომაგნიტური შტორმი დედამიწას ახლა დაატყდება თავს, ზიანი მართლაც უპრეცედენტო იქნება.
მაგალითად, 1989 წელს, გეომაგნიტურმა შტორმმა 90 წამით ჩააბნელა კვებეკი, 9 საათით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 6 მილიონი აბონენტი; ტრანსფორმატორები დაზიანდა ნიუ-ჯერსიშიც, თითქმის მწყობრიდან გამოვიდა მთელი აშშ-ის ელექტროსისტემა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი წინა კვლევიდან ირკვევა, კვებეკის მოვლენას კარინგტონის მოვლენის სიმძლავრის მხოლოდ ერთი-მეათედი უნდა ჰქონოდა.
2013 წელს, ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd’s-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი კარინგტონის მასშტაბის მოვლენა ახლა მოხდება, ჩრდილოეთ ამერიკის ზარალი 2,6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კვლევა იქვე პროგნოზირებს, რომ კარინგტონის დონის სასტიკი გეომაგნიტური შტორმი მომავალში თითქმის გარდაუვალია.
„დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ უკიდურეს და ხანგრძლივ მაგნიტურ შტორმს უფრო დიდი ეკონომიკური და სოციალური ზარალი მოჰყვება“, — ამბობს ჰაიაკავა.
ამჟამად, მკვლევრები მძლავრი მაგნიტური შტორმების სხვა ისტორიულ მაგალითებს ეძებენ.
„უკვე ვიპოვეთ 1770 წლის მასშტაბის კიდევ ერთი სხვა მოვლენა“, — აღნიშნავს ჰაიაკავა.
კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა
მომზადებულია space.com-ის მიხედვით