„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის ცვლილებები, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, პირს უფლება ექნება, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება.

კანონპროექტით, იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობა. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩევა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს ათი დღით და არაუმეტეს 100 კანდიდატის ნაცვლად, დამატებით მოიწვევს არაუმეტეს 300 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.

ამასთან, მოქმედი კანონიდან იმ ნაწილის ამოღება ხდება, რაც გულისხმობს, რომ როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხარეს უფლება ექნება, ექვსი დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს, ხოლო თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს ათი დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ექნება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად.