კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკულ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის უსაფრთხოების დაცვა, შესაძლოა, სასამართლოს სხდომის ნაწილობრივი ან სრულად დახურვის საფუძველი გახდეს
სასამართლოს სხდომის ნაწილობრივი ან სრულად დახურვის საფუძველი, შესაძლოა, ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვა გახდეს.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ხშირია შემთხვევა, როცა პირს ნარკორეალიზატორის მხილების მიზნით თანამშრომლობა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა სურს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი ხდება, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა ღია საჯარო სხდომაზე მოუწევს, თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, რაც ნარკორეალიზატორის მხილებას შეუძლებელს ხდის. პროექტში ნათქვამია ისიც, რომ ღია საჯარო სხდომაზე, პროცესში მონაწილე პირების გარდა, საჯარო ხდება მოწმის პერსონალური მონაცემები, მათ შორის სახეზე ცნობადობა.
„შესაძლებელია, ბრალდებულის გულშემატკივარმა მოწმის მიმართ აგრესია გამოხატოს, მასზე ზემოქმედების მოხდენა და ანგარიშსწორება სცადოს, რამაც შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას როგორც მოწმის, ასევე მისი ოჯახის წევრების პირად უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელი იქნება, რომ სასამართლომ, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს.