სირიის სამთავრობო ძალების იერიშს მეამბოხეების ანკლავზე სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა სირიის სამთავრობო ძალების იერიშს დამასკოს განაპირას მეამბოხეების მიერ დაკავებულ ანკლავზე, – ინფორმაციას სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, სირიის არმიამ რამდენიმე ქალაქზე საჰაერო და საარტილერიო იერიშები მიიტანა.
ამავდროულად, სირიის სამთავრობო მედია ინფორმაციას ავრცელებდა დამასკოს ცენტრში სარაკეტო შეტევის შედეგად ოთხი პირის დაჭრის შესახებ.
რაც შეეხება სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლების ანგარიშს, მათი თქმით, სამთავრობო იერიშებს აღმოსავლეთ გაუტაში ბავშვებიც ემსხვერპლნენ.
ანგარიშის მიხედვით, ამბოხებულთა ანკლავზე სირიის არმიის შეტევებს, რომელიც ორი კვირის წინ დაიწყო, უკვე 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რამდენიმეწლიანი საომარი მოქმედებების ფონზე, გაუტას 400 000-იანი მოსახლეობის მდგომარეობა შემაძრწუნებლად მძიმეა. ანგარიშის მიხედვით, ადამიანები შიმშილით იხოცებიან და ამის გამო, ზოგიერთი ცხოველების საკვებს და ნაგავსაც კი ჭამს.
აღმოსავლეთ გაუტა დეესკალაციის ერთ-ერთი ზონაა, რომელზეც წელს რუსეთი, ირანი და თურქეთი შეთანხმდნენ.