სინოპტიკოსები თბილისის მსგავს მტვერსა და ნისლს დასავლეთ საქართველოს ქალაქებშიც ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, რამაზ ჭითანავა აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, თბილისის მსგავს მტვერსა და ნისლს დასავლეთ საქართველოს ქალაქებშიც გავრცელდეს.
როგორც რამაზ ჭითანავა აცხადებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სინოპტიკური სიტუაცია განპირობებულია სამხრეთის რეგიონებიდან შედარებით ცხელი ჰაერის მასების გავრცელებით, რამაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხელი ამინდები გამოიწვია.
„ამას თან დაერთო სხვა პროცესიც, სამხრეთ რეგიონის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ადგილი აქვს ქვიშის მტვრის ატანას ატმოსფეროს მაღალ ფენებში და მის უკვე გადმონაცვლებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს პროცესი ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე პროცესით მოცულია თელავის, ბოლნისის და გორის მიმდებარე ტერიტორიები. არ გამოვრიცხავთ, რომ იგივე პროცესი გაგრძელდეს და დასავლეთ საქართველოც მოიცვას. სინოპტიკური სიტუაცია 2-3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება,“ – განაცხადა რამაზ ჭითანავამ.
დილიდან თბილისში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ ნისლი და მტვერი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.