სინგაპურში პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალს სიკვდილით დასჯიან
სინგაპურში პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალს სიკვდილით დასჯიან

სინგაპურში პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალს სიკვდილით დასჯიან. „ბიბისის“ ცნობით, 45 წლის სინგაპურის მოქალაქე სარიდევი ჯამანი დამნაშავედ ცნეს 30 გრამი ჰეროინის ტრანსპორტირებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლოში ქალი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

სინგაპურში ნარკოპოლიტიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, რაც, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, აუცილებელია საზოგადოების დასაცავად.

სინგაპურში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც, სულ მცირე, 15 გრამი ჰეროინის ან 500 გრამი კანაბისის ტრანსპორტირებაში იქნება მხილებული, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.

სინგაპურში უკანასკნელად ქალი სიკვდილით 2004 წელს დასაჯეს. ისიც ბრალდებული იყო ნარკოტიკების გადაზიდვაში.

„ამნესთი ინთერნეშენელის“ ცნობით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული პირების სიკვდილით დასჯა, სინგაპურთან ერთად, ჩინეთში, ირანსა და საუდის არაბეთში მოხდა.