უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის რიცხვი გაიზარდა
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის რიცხვი გაიზარდა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის რაოდენობა გაიზარდა.

გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი აღნიშნულს რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკას უწოდებს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ კოსტინმა ბელგიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, კოსტინის განცხადებით, აგრესორი სახელმწიფოს მიერ გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე წამება და სიკვდილით დასჯა გამოიყენება როგორც ომის, დაშინებისა და განადგურების იარაღი.

როგორც გენერალური პროკურორი აღნიშნავს, მართლმსაჯულების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დააყენოს რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი აგრესიის დანაშაულებისთვის.

„კონფლიქტის დროს ომის დანაშაულების გამოძიება, რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია. ჩვენ აღვრიცხავთ, ვიძიებთ და ვასამართლებთ ეროვნულ სასამართლოებში აგრესორის მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს. მაგრამ ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო შორს მიდის. ჩვენ ვნერგავთ უფრო სპეციფიკური დანაშაულების დევნის მეთოდოლოგიას. ეს არის სექსუალური ძალადობა, დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ და ეკოლოგიური დანაშაულები. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დაკისრება ამ შემოჭრის შემოქმედებისთვის – პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის, ე.წ. „ტროიკის“ წევრებისთვის, უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის ხარვეზების მიუხედავად“, – განაცხადა კოსტინმა.

მისივე თქმით, უკრაინა სამართლებრივ ფორმულაზე მსოფლიოს 40-მდე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს და თუ პუტინი ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე დასწრებას გადაწყვეტს, ის უნდა დააკავონ.

„დაკავების ორდერის შესრულებაზე უარი აძლიერებს რუსეთის პოზიციას. ჩვენი იმედი ახლა ბრაზილიის სასამართლოს დამოუკიდებლობაა“, – აღნიშნა კოსტინმა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ რუსმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს.