სიმონა ჰალეპმა წლის პირველ ნომრად დასრულება გაინაღდა
სიმონა ჰალეპმა წლის პირველ ნომრად დასრულება გაინაღდა

რუმინელი ჩოგბურთელი – სიმონა ჰალეპი, 2018 წლის სეზონს, პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს. ამის შესახებ WTA-ის ოფიციალური გვერდი წერს.

ჰალეპმა შარშანაც ანლოგიური შედეგი დააფიქსირა, ასე რომ, ის გახდა ისტორიაში მე-13 ჩოგბურთელი, ვინც  პირველობის შენარჩუნება სეზონის შედეგების მიხედვით ზედიზედ ორჯერ შეძლო. 2018 წლის ბოლოსთვის, სიმონას ლიდერობა WTA-ის კლასიფიკაციაში 53 კვირას მიაღწევს. ეს არის მეოთხე შედეგი მოქმედ მოთამაშეებს შორის და მეათე – ისტორიაში.

თავად რუმინელმა აღიარა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ ახლა, ლეგენდარული ჩოგბურთელების გვერდით დადგა:

„წლის დასრულება პირველი ჩოგანის რანგში – ჩემთვის უდიდესი პატივია და ამის ზედიზედ ორჯერ გაკეთება – რაღაც განსაკუთრებულია იმის გათვალისწინებით, რომ წელს, როგორც იქნა, შევძელი „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის მოგება. ვამაყობ იმით, რომ საკუთარ სახელს ვხედავ ლეგენდარული ჩოგბურთელების გვერდით“ – განაცხადა ჰალეპმა.

სიმონა ჰალეპი, სულ მალე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს. ცოტა ხნის წინ, რუმინელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა – ზურგი აწუხებდა, რის გამოც პეკინის ტურნირზე სასტარტო შეხვედრა ვერ დაასრულა.