საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ გაიხსნა
საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ გაიხსნა

საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძისა და სხვათა ნამუშევრები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და  ოჯახის კოლექციიდან პირველად გამოიფინება ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები.

გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ წარმოადგენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს ასახავს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში სუფევდა.

სტალინური „წითელი ტერორის“ სახელით ისტორიაში შესული მასობრივი რეპრესიები საზოგადოების ყველა ფენასა და ასაკობრივ კატეგორიას შეეხო. რეპრესიების შედეგად ქართველმა სახელოვნებო საზოგადოებამაც უდიდესი დარტყმა განიცადა. რეპრესიებს შეწირული ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მხატვრების უმეტესობის მოღვაწეობა ათწლეულებს ითვლიდა და ისინი ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ავანგარდში იდგნენ.

ჰენრიკ ჰრინევსკი, დიმიტრი შევარდნაძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, რიჰარდ ზომერი, პეტრე ოცხელი 1937-1938 წლებში​ კონტრ-რევოლუციონერობისა თუ ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს.

წლები გაატარეს გადასახლებაში კირილ ზდანევიჩმა, ივანე პატარიძემ, ვასილ შუხაევმა.

„ხალხის მტრის ოჯახის წევრის“ ბრალდებით მოიხადეს სასჯელი მოქანდაკე რაისა მიქაძემ და მხატვარმა ნინო ზაალიშვილმა, ეთნიკური ნიშნით გაასამართლეს მხატვარი მარია ჰერცფილდ-ჯაჯანიძე.

ისინი კი, რომლებიც დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩნენ, არსებობას განაგრძობდნენ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ეზღუდებოდათ თავისუფლება, ხოლო შემოქმედებითი ცხოვრება მკაცრი სახელოვნებო ცენზურის მორჩილებაში უწევდათ.