სიმბოლური გასაღები საფრანგეთისგან - საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები სტრასბურგში გადაეცა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება, გასაღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, ამელი დე მონშალენმა გადასცა.
საქართველომ საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარა.
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. თავმჯდომარეობისთვის ქვეყანამ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა.
თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონიის ფარგლებში დღეს სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა. ასევე სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.