საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხვალიდან ხდება.
„აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს. თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში. ევროპის კონტინენტზე დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობით, ინსტიტუციების განმტკიცებითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, ხელი შეუწყოს ურთიერთკავშირს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის და ორგანიზაციის ეგიდით გააძლიეროს გარემოსდაცვითი სამუშაოები, შესაბამისი პროგრამებისა და ხელშეკრულებების საშუალებით. ამ მხრივ კი, ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და არსებითია გარემოს ეფექტიანი დაცვისთვის. 2020 წლის 27 თებერვალს სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება.
ასევე, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა უწყვეტი მონაწილეობა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და კრიტიკულ საკითხებზე ხსნის დიალოგს საზოგადოების შიგნით. საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2020 წლის 6 მარტს სტრასბურგში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტიანი და ინოვაციური გამოცდილების გამოვლენა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე წარმატებულ ჩართულობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საგარეო უწყება.
გარდა ამისა, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება.
„საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც არის მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ასპექტების განვითარებისა და შემდგომი კონსოლიდაციის მხრივ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, 2020 წლის 23 მარტს საქართველო სტრასბურგში გამართავს მრგვალ მაგიდას „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“, რომელიც გამიზნული იქნება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებზე და მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას – ევროპის საბჭოს სტანდარტების პოპულარიზაცია და საქართველოს მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება.
ასევე, სამინისტრომ ერთ-ერთ მიზნად დაისახა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულების – განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გზით დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა.
„საქართველოს ამოცანაა, მხარი დაუჭიროს ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას, რომელიც ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალია და ქმნის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცულია. თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და პროგრამებს, რომლებსაც ევროპის საბჭო და ევროკავშირი უმაღლესი განათლების სფეროში ახორციელებენ. საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს მცდელობებს, ხელი შეუწყოს კულტურულ მონაწილეობას, კულტურის დემოკრატიზაციასა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კულტურული პოლიტიკის მოდერნიზებას“, – აცხადებს უწყება.
აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში, 2020 წლის 30 მარტს საქართველო სტრასბურგში მოაწყობს მრგვალ მაგიდას – „დემოკრატიის გაძლიერება განათლებისა და კულტურის ჩართულობით“.
ამასთან, სამინისტრო ხაზს უსვამს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოებაში, როგორც ფუნდამენტური პარტნიორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის სფეროებში.
„საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის დამოუკიდებლობას და მის ურთიერთდამოკიდებულ და თანმიმდევრულ ინსტრუმენტებს“, – აცხადებს უწყება.
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში ხვალ გაიმართება. საქართველოს თავმჯდომარეობა საფრანგეთიდან გადაეცემა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.