სილვიუ დომენტე - ვაქცინის შექმნას დიდი დრო სჭირდება, ვიმედოვნებთ, 3-4 თვეში შევძლებთ კორონავირუსთან დაკავშირებით კლინიკური ცდების დაწყებას
სილვიუ დომენტე - ვაქცინის შექმნას დიდი დრო სჭირდება, ვიმედოვნებთ, 3-4 თვეში შევძლებთ კორონავირუსთან დაკავშირებით კლინიკური ცდების დაწყებას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში და ევროპის რეგიონში არსებულ ვითარებას.

სილვიუ დომენტეს თქმით, იყო პოზიტიური ნიშნები, მაგალითად ჩინეთში შემთხვევათა რაოდენობა დასტაბილურდა.

თუმცა, სილვიუ დომენტე ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან ჩინეთის გარეთ, რეგიონებში ეპიდემიით.

მისივე განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირება არ არის დაკავშირებული ჩინეთიდან მგზავრობასთან და ვირუსის გადაცემა ლოკალურად ხდება.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას მსოფლიოში და ევროპის რეგიონში. იყო პოზიტიური ნიშნები, ჩინეთში შემთხვევათა რიცხვი დასტაბილურდა. თუმცა ძალიან შეშფოთებული ვართ ჩინეთის გარეთ, რეგიონებში ეპიდემიით. მაგალითად, კორეის რესპუბლიკაში და ახლა უკვე იტალიაშიც. ჩვენ შეშფოთებული ვართ იტალიაში გავრცელებული ეპიდემიით.

ჩვენი მისია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულ ცენტრთან ერთად იმყოფება იტალიაში ვითარების ადგილზე დასაკვირვებლად, რადგან ჩვენ ვიხილეთ ვირუსის სწრაფი ზრდა, გავრცელება. რაც გვაშფოთების არის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირება არ არის დაკავშირებული ჩინეთთან და ჩინეთიდან მგზავრობასთან. ვირუსის გადაცემა ლოკალურად ხდება“ ,- განცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

სილვიუ დომენტე ამბობს, რომ ვაქცინის შექმნას დიდი დრო სჭირდება.

„ვაქცინის შექმნას ხანდახან წლებიც კი სჭირდება. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. ვიმედოვნებთ, რომ 3-4 თვეში შევძლებთ დავიწყოთ კლინიკური ცდები“ ,- განაცხადა სილვიუ დომენტემ.

სილვიუ დომენტეს განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა მითითებას ასრულებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა გაიდლაინს ყველა ასპექტში. საქართველოს ძალიან ძლიერი ლაბორატორიები აქვს დიაგნოსტირების თვალსაზრისით. საქართველო სრულად აღჭურვილია. საქართველოს ლაბორატორიებს აქვთ ტესტირებისთვის საჭირო ნაკრები, თუმცა, დამატებით არსებობს კიდევ მრავალი ზომა, აეროპორტებში, საზღვარზე. ჯანდაცვის მინისტრთან განვიხილავთ, თუ არსებობს ჯანდაცვის სექტორში კიდევ რაიმე სახის საკითხი, რომლის აღმოფხვრაც ერთობლივად შეგვიძლია, რათა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სხვა პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს დახმარება. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი საკითხები ბევრი არ არის“ ,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.