„სიენენის“ ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მომდევნო კვირებში ვაშინგტონს ეწვევა და დონალდ ტრამპს შეხვდება
„სიენენის“ ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მომდევნო კვირებში ვაშინგტონს ეწვევა და დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომდევნო კვირებში ვაშინგტონს ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ „სიენენს“ ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს, ირანის ბირთვულ პროგრამას და მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეომიმართვაც და დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად, „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა და ღაზაში მისი პოლიტიკური მმართველობის დასასრულებლად. ასევე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზა აღარასდროს იქნება საფრთხე ისრაელისთვის. დარწმუნებული ვარ, ბატონო პრეზიდენტო, რომ, თქვენი ხელმძღვანელობით, ჩვენი ალიანსის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.