თურქეთის სასამართლომ პატიმრობაში მყოფ მერს, ეკრემ იმამოღლუს საარჩევნო კანონის დარღვევისთვის დამატებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის პატიმრობაში მყოფ მერს, ეკრემ იმამოღლუს საარჩევნო კანონის დარღვევისთვის დამატებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა. ინფორმაციას „როიტერი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, იმამოღლუ იმ ცხრა ბრალდებულს შორისაა, რომლებსაც ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) 2023 წლის ნოემბრის ყრილობასთან დაკავშირებულ საქმეზე ორი წლითა და ერთი თვით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ იმამოღლუს პოლიტიკური საქმიანობაც აუკრძალა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულები ამომრჩევლებზე უკანონო ზეწოლას ახდენდნენ, რათა მათ 2023 წლის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ოზგურ ოზელისთვის დაეჭირათ მხარი.
ეკრემ იმამოღლუ 2025 წლის 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე ეკრემ იმამოღლუ განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ამასთან, ივლისში თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი ქალაქის მთავარი პროკურორის მიმართ მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა.