18 ნოემბერს ხომალდი Voyager 1 დედამიწიდან ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწევს — #1tvმეცნიერება
Voyager 1-ის საოცარმა მოგზაურობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მას სულ რამდენიმე საათი აშორებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპისგან.
პატარა მანქანის ზომის კოსმოსური ხომალდი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტია, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდა და უკვე თითქმის 50 წელიწადია, დედამიწას 61 000 კმ/სთ სიჩქარით შორდება.
18 ნოემბერს, ხომალდი ოფიციალურად მიაღწევს დედამიწიდან 1 სინათლის დღეს. თბილისის დროით 14:16 საათზე ის მშობლიური პლანეტიდან 25,9 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იქნება.
ეს ის მანძილია, რასაც სინათლე ერთ დღეში გაივლის… Voyager 1-ს კი ამისათვის 49 წელზე მეტი დასჭირდა. ამ მომენტის აღსანიშნავად NASA განსაკუთრებულად ემზადება.
„Voyager 1 ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდება, რომელიც დედამიწიდან ამ მანძილს მიაღწევს, რითაც ამ მისიის ისტორიაში პირველობის გრძელ სიას კიდევ ერთი პირველობა დაემატება. Voyager 1 და მისი ტყუპისცალი Voyager 2 ერთადერთი კოსმოსური ხომალდებია, რომლებიც ჰელიოსფეროს, ანუ მზის მიერ გამომუშავებული ნაწილაკებისა და მაგნიტური ველებისგან წარმოქმნილი დამცავი ბუშტის მიღმა ოპერირებენ“, — წერს NASA განცხადებაში.
ამ მომენტის აღსანიშნავად, NASA საზოგადოებას სთხოვს, 17 ნოემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ, ცაში სინათლე გაუშვან.
ამ მოვლენაში ჩასართავად, გახსენით ეს ბმული თქვენს ტელეფონში, აუწიეთ ეკრანის სიკაშკაშეს ბოლომდე, დააჭირეთ „დაწყებას“ (begin) და მიმართეთ ეკრანი ცისკენ.
ეკრანი მორზეს ანბანით გაუშვებს ასოებს „V G R“.
რატომ არის 1 სინათლის დღის მიღწევა ასე მნიშვნელოვანი?
ეს უბრალოდ მაგარი რამ არ არის, რითაც შეიძლება თავი მოიწონო. რეალურად, ეს გავლენას ახდენს იმ კომუნიკაციაზე, რომელიც მეცნიერებს ზონდთან შეიძლება ჰქონდეთ.
„თუ ორშაბათს დილის 8 საათზე გავაგზავნი ბრძანებას და ვიტყვი „დილა მშვიდობისა, Voyager 1, მის პასუხს ოთხშაბათს ზუსტად დილის 8 საათზე მივიღებ“, — ამბობს პროექტის მენეჯერი სუზი დოდი.
Voyager 1-ის თავდაპირველი მისია უბრალოდ იუპიტერსა და სატურნს მიღმა გადასვლა იყო. ამ მიზნებს მან 1979 და 1980 წელს მიაღწია, შემდეგ კი სვლა განაგრძო.
გზადაგზა ხომალდები გზავნიდნენ იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის ახლო კადრებს. ისინი ამ დრომდე განაგრძობენ გზად შემხვედრ უცნაურ მოვლენათა ჩაწერასა და ანალიზს.
„იმედი გვაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გადავჭრით ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს და შევუერთდებით გალაქტიკურ ცივილიზაციათა საზოგადოებას. ეს ჩანაწერი გამოხატავს ჩვენს იმედსა და მტკიცე ნებას, ასევე ჩვენს კეთილ ნებას უზარმაზარ და შთამბეჭდავ სამყაროში“, — ასეთია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის შეტყობინება, რომელიც Voyager 1-ს მიაქვს თან.
თუმცა, რამდენად შორსაც არ უნდა იყოს წასული ხომალდი, ის პლუტონიუმზე მუშაობს, რომელსაც ენერგია თანდათან ეწურება.
შარშან NASA-მ ერთი მეორის მიყოლებით გამორთო მისი ინსტრუმენტები, რათა მას სიცოცხლე ოდნავ გაუხანგრძლივოს.
ამჟამად მოქმედია მხოლოდ ორი ინსტრუმენტი: მაგნიტომეტრი და პლაზმური ტალღების ქვესისტემა, რომელიც დღემდე იკვლევს ვარსკვლავთშორისი სივრცის მკრთალ ელექტრომაგნიტურ გულისცემას.
NASA-ს იმედი აქვს, რომ Voyager 1 დედამიწასთან კომუნიკაციას 2030-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნებს, ვიდრე მისი ენერგიის მარაგი საბოლოოდ ჩამოსცდება მუშაობისთვის საჭირო მინიმალურ ზღვარს.
თუმცა, გათიშვა სულაც არ იქნება მისიის დასასრული.
Voyager 1-სა და 2-ს თან მიაქვთ მოოქროვილი სპილენძის დისკები, რომლებსაც ოქროს ჩანაწერს უწოდებენ; მათში ჩაწერილია ინფორმაცია დედამიწაზე არსებული სიცოცხლისა და კულტურის შესახებ.
მათ შორისაა მისალმება 50-ზე მეტ ენაზე, წვიმისა და ტალღების ხმა, ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ და პულსარების რუკა, რომელიც დედამიწის კოსმოსურ მისამართს აღნიშნავს. მიზანი? იქნებ ის ოდესმე ვინმემ სადმე იპოვოს.
ვოიაჯერის დისკების ჩანაწერებს შეგიძლიათ მოუსმინოთ SoundCloud-ზე.
ოქროს ჩანაწერები ასევე შეიცავს Voyager 1-ის გაშვების დროს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის განცხადებას:
„ჩვენ ამ შეტყობინებას კოსმოსში ვუშვებთ. ის ალბათ მილიარდობით წელიწადს გადარჩება, მაშინაც, როცა ჩვენი ცივილიზაცია ძირფესვიანად შეცვლილი იქნება და დედამიწის ზედაპირიც სრულიად სხვანაირი. ირმის ნახტომის 200 მილიარდ ვარსკვლავს შორის, ზოგიერთს — იქნებ ბევრსაც — შეიძლება ჰქონდეს პლანეტები, რომლებზეც ცივილიზაციები ყვავიან. თუკი რომელიმე ასეთი ცივილიზაცია ვოიაჯერს დაიჭერს და ამ ჩანაწერების შინაარსს გაიგებს, ჩვენი გზავნილი შემდეგია:
„ეს არის საჩუქარი პატარა, შორეული პლანეტიდან — ჩვენი ბგერების, ჩვენი მეცნიერების, ჩვენი გამოსახულებების, ჩვენი მუსიკის, ჩვენი აზრებისა და ჩვენი გრძნობების ნიშანი. ვცდილობთ, გადავურჩეთ ჩვენს დროს, რათა შევძლოთ თქვენს დროში ცხოვრება. იმედი გვაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გადავჭრით ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს და შევუერთდებით გალაქტიკურ ცივილიზაციათა საზოგადოებას. ეს ჩანაწერი გამოხატავს ჩვენს იმედსა და მტკიცე ნებას, ასევე ჩვენს კეთილ ნებას უზარმაზარ და შთამბეჭდავ სამყაროში“.