გერმანია და ავსტრია ითხოვენ, TikTok-ის ევროპული პლატფორმა ევროკავშირის მფლობელობაში გადავიდეს
გერმანიისა და ავსტრიის მთავრობის მაღალჩინოსნები ერთობლივი ინიციატივით გამოვიდნენ და მოითხოვეს, რომ ჩინური კომპანია ByteDance-ის მფლობელობაში არსებული TikTok-ის ევროპული ოპერაციები ევროპელი მფლობელების დაქვემდებარებაში იყოს.
ბერლინისა და ვენის შეფასებით, ეს აუცილებელი ნაბიჯია პერსონალური მონაცემების დასაცავად, ციფრული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და დემოკრატიული საზოგადოების წინაშე არსებული „აშკარა საფრთხის“ გასანეიტრალებლად.
გერმანიის კულტურისა და მედიის მინისტრის ვოლფრამ ვაიმერისა და ავსტრიის დიგიტალიზაციის სახელმწიფო მდივნის ალექსანდერ პრიოლის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში 200 მილიონი მომხმარებლის ფონზე, TikTok საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი მთავარი აქტორია.
მინისტრების თქმით, პრობლემის ფუნდამენტური გადაჭრა ჩინური კომპანია ByteDance-ის გავლენისგან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს, რადგან, მისივე განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მილიონობით ევროპელის მონაცემებზე წვდომის რისკები კვლავ ბუნდოვანი და საშიშია.
აღნიშნული ინიციატივა მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც TikTok-ის ამერიკული ბიზნესი გამოეყო ძირითად კომპანიას და აშშ-ში დაფუძნებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, სადაც ByteDance მხოლოდ დაახლოებით ერთ მეხუთედს ფლობს.
ევროკავშირში პლატფორმის მიმართ კრიტიკა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა, ციფრული სერვისების აქტის (DSA) ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნებზე TikTok-ის გავლენის შესახებ, მანამდე კი მარეგულირებლებმა კომპანია ევროპელების მონაცემების ჩინეთში გადაგზავნის გამო დააჯარიმეს.
გერმანია და ავსტრია ბრიუსელში დაგეგმილი კულტურის მინისტრების შეხვედრის წინ ევროკავშირის სხვა დედაქალაქებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ ამ მოთხოვნას.
გერმანულმა მედიაკონგლომერატმა Axel Springer-მა, რომელიც გამოცემა POLITICO-ს ფლობს, უკვე გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც TikTok-ს ევროპულ კონტროლს დაუქვემდებარებს.
თავად TikTok-ს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.