ევროკომისიამ სანქციების ახალი ოფისი შექმნა

20:59, 18.11.2026

ევროკომისია ევროკავშირის სანქციების ოფისს ქმნის, რომლის მთავარი მიზანი სანქციების პოლიტიკის დაგეგმვის, აღსრულებისა და მათი გვერდის ავლის პრევენციის ეფექტიანობის გაზრდა იქნება.

ახალი სტრუქტურა ერთ სივრცეში გააერთიანებს ევროკომისიის ექსპერტიზას სანქციების სრულ ციკლთან დაკავშირებით – პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მის პრაქტიკულ იმპლემენტაციასა და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით დასრულებული. ოფისი მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოებს სწრაფი შესაბამისობის ინსტრუქციებით, მონაცემთა გაზიარებითა და ეკონომიკური და ტექნიკური ანალიზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანქციების ერთგვაროვანი აღსრულება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, სანქციები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და გამოწვევებზე რეაგირების საკვანძო ინსტრუმენტად იქცა. თუმცა, იმისთვის, რომ ამ ზომებმა რეალური შედეგი გამოიღოს, საჭიროა მკაცრი კონტროლი, ხარვეზების აღმოფხვრა და სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთა. სანქციები მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს არ ეხება, ისინი ასევე ვრცელდება ირანზე, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაზე, აგრეთვე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ორგანიზებულ დანაშაულებზეც.

ევროკავშირის სანქციების ოფისი გენერალური სამდივნოს შემადგენლობაში შევა და ფინანსური მომსახურების საკითხებში ევროკომისრის, მარია ლუის ალბუკერკეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ იმოქმედებს. ოფისი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის სანქციების სპეციალურ წარმომადგენელთან, რომლის საქმიანობაც მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს, რათა შემცირდეს ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების ან ფინანსური არხების გამოყენებით სანქციებისთვის გვერდის ავლის რისკები.

ახალი ოფისი ფუნქციონირებას ოფიციალურად დაიწყებს 2027 წლის 16 იანვრიდან. პარალელურად, ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ახალ სპეციალურ წარმომადგენლად შვედი დიპლომატი ლარს დანიელსონი დანიშნა. ის უფლებამოსილების შესრულებას მოქმედი სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მანდატის ამოწურვის შემდეგ, 2027 წლის 6 თებერვლიდან შეუდგება.

მსგავსი