აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე გეგმავს, შეისწავლოს ტრამპის ოჯახის შესაძლო კორუფცია, ეპშტეინის საქმის მასალები და ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მომავალმა თავმჯდომარემ, რობერტ გარსიამ დონალდ ტრამპის 12 მოკავშირესა და ყოფილ თანაშემწეს წერილები გაუგზავნა. კონგრესის გამოძიების ფარგლებში, რობერტ გარსია გეგმავს, შეისწავლოს ტრამპის ოჯახის შესაძლო კორუფცია, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალები და ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა.
„ჩვენ ვაპირებთ, ბოლო მოვუღოთ ამ ადმინისტრაციის მიერ პირადი ინტერესებისთვის ძალაუფლების გამოყენებას, არასათანადო ქმედებებსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“, – განაცხადა გარსიამ.
წერილები გაეგზავნათ ტრამპის ოჯახის წევრებს, თეთრი სახლის აპარატის უფროსს, სტივენ მილერს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, გენერალურ პროკურორ ტოდ ბლანშსა და თეთრი სახლის აპარატის ყოფილ უფროს სიუზი უაილსს, ასევე სხვა პირებს.
კალიფორნიელმა კონგრესმენმა წერილების ადრესატებს მოსთხოვა, შეენარჩუნებინათ ყველა დოკუმენტი, რომელიც ტრამპის ოჯახის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტსა და ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებას უკავშირდება. წერილები უკანონო ქმედების ან დანაშაულის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა, მომავალში გამოძიებების დაწყებას დაედოს საფუძვლად.
თეთრი სახლისა და იუსტიციის დეპარტამენტის იურისტებმა გარსიასა და სხვა დემოკრატებს განუცხადეს, რომ მზად არიან, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყონ.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ლორენ ბისმა განაცხადა, რომ ტრამპი მზად არის, ნებისმიერ მხარესთან ითანამშრომლოს.