„სიენენი“ - სოციალურ ქსელებში გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ ვოლოდიმირ ზელენსკის უთვალთვალებდა
სოციალურ ქსელებში გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთვალთვალებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ უკრაინის ოფიციალური პირები ღრმად იმედგაცრუებული არიან დოკუმენტების გასაჯაროების გამო.
„სიენენი“ წერს, რომ დოკუმენტების გავრცელების გამო უკრაინამ უკვე შეცვალა თავისი სამხედრო გეგმები.
დოკუმენტების თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის როსტოვის ოლქში რუსული განლაგების ადგილების უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბვის ინიციატივა წარადგინა, ვინაიდან უკრაინას არ გააჩნია შორი დისტანციის იარაღი, რომელსაც შეუძლია, როსტოვამდე მიაღწიოს.
„სიენენის“ ცნობით, ეს ხსნის აშშ-ის საჯარო კომენტარებს იმის თაობაზე, რომ არ სურს, უკრაინას შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, რადგან შიშობს, რომ კიევი მათ გამოიყენებს რუსეთის შიგნით დარტყმისთვის.
დასავლური მედიის ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ მასალა აშშ-დან არის გავრცელებული და რომელიმე მოკავშირის კვალი არ იკვეთება.