„სიენენი“ - რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა
რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა. აღნიშნულთან დაკავშირებით „სიენენი“ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირის განცხადებით, სამხედროების დამატება ცხადყოფს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის განცხადება ყალბია, ხოლო ვლადიმერ პუტინის განცხადება დიპლომატიის მიმართ ღიაობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია.
„ყველა მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს, მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს დიალოგის, ასევე დეესკალაციის შესახებ და ამავდროულად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ“,- განაცხადა მაღალჩინოსანმა.
ოფიციალური პირის თქმით, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი კვლავ მუქარის პოზიციაში იმყოფება და უკრაინის საზღვრებთან და ბელარუსში 150 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული. ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ცრუ მიზეზი თავდასხმისთვის, მათ შორის ნატო-ს შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე ან განცხადება აღმოსავლეთ დონბასში უკრაინის მხრიდან სასტიკი ქმედებების შესახებ.
„უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“ – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიას და ამასთან, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის. რუსეთი აცხადებს, რომ სურს დიპლომატიური გადაწყვეტის ძიება, თუმცა მათი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებენ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეიცვლიან საკუთარ კურსს ომის დაწყებასთან მიმართებით, რომელიც კატასტროფულ მსხვერპლს და ნგრევას გამოიწვევს“,-აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან განთავსებული შეიარაღებული ძალების შენაერთები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. ამ განცხადების მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ისე ევროპასა და აშშ-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით დეესკალაციის ნიშნები არ შეინიშნება და არ ჩანს, რომ რუსეთს საკუთარი ჯარები გაჰყავს.