„სიენენი“ - ჯორჯია მელონის პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, იტალიელები, რომლებიც ოფიციალური კომუნიკაციისას უცხოენოვან სიტყვებს გამოიყენებენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ
„სიენენის“ ცნობით, იტალიელები, რომლებიც ოფიციალური კომუნიკაციის დროს უცხოენოვან სიტყვებს გამოიყენებენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ.
ამის შესახებ საუბარია ახალ კანონპროექტში, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიამ წარადგინა. როგორც მედია წერს, ჯარიმა რიგ შემთხვევაში 100 000 ევროსაც კი მიაღწევს.
„სიენენის“ ცნობით, კანონპროექტში საუბარია ყველა უცხო ენიდან გადმოღებულ სიტყვაზე, თუმცა ის მაინც ფოკუსირებულია ინგლისურ ტერმინებზე.
პროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული სიტყვების გამოყენება აკნინებს და შეურაცხყოფს იტალიურ ენას.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა პირს, ვინც საჯარო ადმინისტრაციაში მუშაობს, მოეთხოვება იტალიური ენის ცოდნა. ასევე, აკრძალული იქნება ინგლისური სიტყვების გამოყენება ოფიციალურ დოკუმენტებში.
უცხოურ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, რომ შიდა რეგულაციები და შრომითი კონტრაქტები იტალიურ ენაზე ჰქონდეთ.
„ეს მოდის საკითხი არაა, რადგან მოდა იცვლება. ანგლომანიას აქვს გავლენა ზოგადად საზოგადოებაზე“, – ნათქვამია კანონპროექტში.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, კულტურის სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, რომელიც გააკონტროლებს იტალიური ენის სწორად გამოყენებას და გამოთქმას სკოლებში, მედიასა და სარეკლამო რგოლებში.