„სიენენი“ - ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლა უცხო ქვეყნის, სულ მცირე, 361-მა მოქალაქემ შეძლო
„სიენენი“ - ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლა უცხო ქვეყნის, სულ მცირე, 361-მა მოქალაქემ შეძლო

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლა უცხო ქვეყნის, სულ მცირე, 361-მა მოქალაქემ შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმურმა წყარომ „სიენენს“ განუცხადა, რომ აღნიშნული მოქალაქეებიდან 76 ადამიანი ახლა კაიროში მიემართება, რათა მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნება შეძლოს, დანარჩენები კი ჯერ კიდევ საზღვარზე იმყოფებიან და საჭირო დოკუმენტების შემოწმებას გადიან.

წყაროსვე ინფორმაციით, ეგვიპტეში გადასასვლელად სულ 491 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 130-მა ვერ შეძლო რაფაჰის გამშვებ პუნქტამდე მისვლა ან უარი განაცხადა ოჯახის წევრების გარეშე საზღვრის გადაკვეთაზე, რომელთა გვარებიც არ იყო სიაში.

როგორც „სიენენი“ წერს, ამ დროის მონაცემებით, რაფაჰის გადასასვლელი ღია რჩება იმ პირებისთვის, რომლებიც საზღვრის კვეთაზე დარეგისტრირებულები არიან.

ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დღეს დაიწყეს. ღაზის სექტორი ათეულობით ადამიანმა „რაფაჰის“ გამშვები პუნქტიდან დატოვა.

გავრცელებული ცნობით, გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.