სიძულვილის ენის გამო, ბოლო წლებში ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორ მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა
გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტელემაუწყებლობასთან დაკავშირებით მიღებული საჩივრები შეაჯამა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებლის კონტენტის სტანდარტების საკითხებში დირექტორმა ტონი კლოუსმა სპეციალური წერილი გამოაქვეყნა.
„ტელევიზია და რადიო ნამდვილად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობისთვის. ისინი მთავარი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და კოლექტიური იდენტობისთვის. ინტერნეტის წარმოუდგენელი ზრდის მიუხედავად, 10 ზრდასრულიდან ცხრა ყოველკვირეულად უყურებს ან უსმენს ტელევიზიას და რადიოს. ონლაინ კონტენტთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების პარალელურად, მოსახლეობა ტელე და რადიოგადაცემებისგან გარკვეული სტანდარტების დაცვას ელოდება. სწორადაც, მათი დამოკიდებულება პროგრამებისადმი მგრძნობიარეა და მათ სურთ, საკუთარი სათქმელი გამოთქვან. „ოფკომის“ სამსახურია, მოისმინოს მათი მოსაზრებები და დაიცვას საზოგადოება მავნე და შეურაცხმყოფელი კონტენტისგან“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლის წერილში.
„ოფკომის“ მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს ორგანომ განიხილა ტელე და რადიოაუდიტორიისგან მიღებული 28 ათასამდე საჩივარი და შეისწავლა გადაცემების შვიდი ათასი საათი. „ოფკომმა“ 121 მოკვლევა დაიწყო და 55 შემთხვევაში მაუწყებლობის წესების დარღვევა გამოავლინა.
„მოსახლეობის საჩივრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ისინი გვეხმარებიან, გავიგოთ, თუ რა აწუხებს მაყურებლებს და ჩვენ ვსწავლობთ თითოეულ მათგანს.
მართალია, გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული საჩივრების საერთო რაოდენობა კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ეს გადაცემა შემოწმებას საჭიროებს, ეს არის აუცილებელი ნიშანი იმისა, რომ მაუწყებლობის წესები დარღვეულია. მაგალითად, დიდი აუდიტორიის მქონე გადაცემების წინააღმდეგ ხშირად ბევრი საჩივარი შემოდის, რადგან მათ უფრო მეტი ადამიანი უყურებს. ასევე, ჩვენ არ გვჭირდება საჩივრის მიღება მოქმედებისთვის, თუ რომელიმე პროგრამა ჩვენს წესებს არღვევს“, – წერს ტონი კლოუსი.
„ოფკომის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ საჩივრის განხილვისას გათვალისწინებულია მრავალი ფაქტორი. კერძოდ ზოგადი სტანდარტები, კონკრეტულ გადაცემასთან დაკავშირებით მაყურებლების მოლოდინები, კონტექსტი, გადაცემის ტიპი, არხი, რომელზეც გავიდა გადაცემა და მისი ეთერში გასვლის დრო, პოტენციური აუდიტორია, კონტენტის განმარტების გზა და ა.შ. და რაც მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი ითვალისწინებს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებას და მაყურებლის უფლებას, მიიღოს განსხვავებული იდეები და ინფორმაცია არასაჭირო ჩარევის გარეშე.
„ხშირად, ეს ჩვენს გადაწყვეტილებებში ფრთხილ ბალანსს ითხოვს. თუ აღმოვაჩინეთ, რომ მაუწყებელი ჩვენს წესებს არღვევს, ჩვენ შესაძლოა მათ მითითებები გადავცეთ ან მოვთოხვოთ შესწორება – მაგალითად, მათ პროცესების ცვლილებები ან ჩვენი გადაწყვეტილების ეთერში ტრანსლირებით. ასევე, შეგვიძლია, გამოვწეროთ ჯარიმები. როდესაც დარღვევა, უკიდურესად სერიოზულია, ჩვენ შეგვიძლია არხს ლიცენზია ჩამოვართვათ. მაგალითად, ბოლო წლებში, „ოფკომმა“ ორ მაუწყებელს ჩამოართვა ლიცენზია სიძულვილის ენასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ასე რომ, ჩვენ მტკიცედ ვართ ფოკუსირებული ზიანისგან მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების დაცვაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს ნდობა რადიო და ტელეგადაცემებისადმი, რომლებიც ჩვენს სახლებში შემოდიან, და რომ მათი ხმა იყოს გაგებული“, – წერს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელი.
რაც შეეხება საკითხს, თუ ვის ჩამოერთვა ლიცენზიები, საუბარია რადიო „იმანზე“ (Iman FM), რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია 2017 წელს შეუჩერდა, ასევე ტელეკომპანია „აუსაფზე“ (Ausaf TV), რომელიც ურდუს ენაზე მაუწყებლობდა. მას ლიცენზია 2018 წელს ჩამოერთვა.