„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ - თბილისი ფრანგი ფოტოხელოვანის გამოფენას უმასპინძლებს [ფოტო]
„სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
ფოტოების ავტორი ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტია. გამოფენას ფონდი „ევროარტი“ (საქართველო) და ფონდი „არტექო“ (ნიდერლანდების სამეფო) ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში მართავენ.
გამოფენის გახსნის დღეს, 25 წლის წინ, დაახლოებით 250 ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა აფხაზეთი. როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, ქართველ პუბლიკას აფხაზეთი ახსოვს, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, სადაც ხალხი, ყველა სეზონზე დასასვენებლად, პოზიტიური ენერგიის მისაღებად დადიოდა. ფრანგი ფოტოხელოვანი პუბლიკას საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს მონატრებულ ადგილებს.
ორელიენ ვილეტი 2016 წელს ესტუმრა აფხაზეთს. მისი ობიექტივი, ამ შემთხვევაში, შუამავალია სიცოცხლით სავსე წარსულის მოგონებებსა და სევდიან, ჩუმ დღევანდელობას შორის, მონატრებასა და უძლურებას შორის. ამასთანავე, იგი პუბლიკას განაწყობს კიდევ ერთხელ ღრმად დაფიქრებისთვის, ერთმანეთის მიტევებისთვის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, მონატრებული ურთიერთობებისა და ისევ აღმშენებლობისთვის.
პროექტის მთავარი პარტნიორები არიან აფხაზეთის ა/რ მთავრობა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული უნიკალური ფოტოები, რომელთა ნაწილი დღემდე არსად გამოქვეყნებულა, პირველმა არხმა ექსკლუზიურად 2018 წლის აპრილში მოიპოვა.
ორელინ ვილეტს ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა შეხვდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა.