„სიბიესის“ წყაროს ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდი და მის გარდაცვალებაში ბრალდებული სამართალდამცველი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ
ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი და მის გარდაცვალებაში ბრალდებული სამართალდამცველი დერეკ შოვინი, რომ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და სიტყვიერი დაპირისპირების ისტორიაც გააჩნდათ, ამის შესახებ ტელეკომპანია „სიბიესს“ იმ ღამის კლუბის თანამშრომელმა დაუდასტურა, სადაც ფლოიდი და შოვინი ერთად მუშაობდნენ.
დევიდ პინის თქმით, ორივე მათგანი ღამის კლუბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. დაპირისპირების მიზეზი კი, დერეკ შოვინის განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება იყო კლუბის ერთ-ერთი მფლობელის მიმართ, რამაც უსიამოვნება წარმოშვა.
„ისინი თავებით დაეჯახნენ“, – განაცხადა დევიდ პინიმ.
ჯორჯ ფლოიდის ოჯახი მიიჩნევს, რომ 25 მაისის ღამეს მომხდარი ინციდენტი, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა, ნაწილობრივ პირადი მოტივით იყო განპირობებული, რის გამოც, მათ ბრალდების გადაკვალიფიცირება სურთ და მესამეს ნაცვლად, პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლს მოითხოვენ.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ დერეკ შოვინმა დაკავების მომენტში კარგად იცოდა, თუ ვინ იყო ეჭვმიტანილი. „სიბიესის“ კითხვაზე, არსებობს თუ არა ეჭვი, რომ დერეკ შოვინი იცნობდა ჯორჯ ფლოიდს, დევიდ პინი აცხადებს, რომ ის მას კარგად იცნობდა.
ღამის კლუბის მფლობელის, მაია სანტამარიას განცხადებით, ის შოვინს 17 წლის განმავლობაში უხდიდა ხელფასს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომელსაც დერეკი კლუბის გარეთ ავტომობილში მოცდით ასრულებდა. ჯორჯ ფლოიდთან კი შოვინი სამშაბათობით იკვეთებოდა, როდესაც ორივე მათგანი კლუბის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ამ დროს პოპულარული ყოველკვირეული საცეკვაო შეჯიბრი იმართებოდა. „სიბიესის“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დერეკ შოვინს პრობლემა ფერადკანიან ადამიანებთან, კლუბის მეპატრონე აცხადებს: „ვფიქრობ, მას ეშინოდა და დაშინებული იყო“.